Uncategorized

თბილისი საერთაშორისო მოდის კვირეულს „Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2015“-ს მასპინძლობს

Posted On November 8, 2015 at 6:20 am by / No Comments

თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, დღეიდან, 9 ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო მოდის კვირეულს „Mercedes-Benz  Fashion week Tbilisi 2015“-ს უმასპინძლებს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ორგანიზატორებმა აცნობეს, მოდის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი კოლექციები ჩვენების დასრულების შემდეგ “თბილისი მოლში”, სპეციალურად ამ კვირეულის ფარგლებში მოწყობილ Showroom-ში გადაინაცვლებს.
მათივე განმარტებით, მსურველებს ქართველი დიზაინერების ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა ახალ წლამდე შეეძლებათ.
მოდის კვირეული დღეს, 19:00 საათზე, დედაქალაქის საკრებულოს დარბაზში გაიხსნება, ჩვენებები კი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საღამოს 21:00 საათიდან ავთანდილ ცქვიტინიძის ჩვენებით დაიწყება.
“მოდის კვირეულის დევიზია – “ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად”. ქართველი დიზაინერების ნამუშევრების მსოფლიო ასპარეზზე გასატანად თბილისში ჩამოდიან გავლენიანი ბაიერები – კევენ მაკდერმოტი და მაიკლ რუდოლფი.
შემოდგომის ყველაზე მოდურ სანახაობაზე დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და უბრალოდ მაღალი მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან სწორედ თბილისში მოიყრიან თავს. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცნობილი ბლოგერი, “მოდის მეფედ” წოდებული ბრაიან ბოი, რომელიც “ნიუ-იორკ პოსტმა” მსოფლიოს ცხრა ინტერნეტვარსკვლავს შორის დაასახელა; მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, მოდის მეტრად წოდებული ნატალი ჯუსი, რომელიც სტილისტობას და მოდის კრიტიკოსობას წარმატებით უთავსებს ბლოგერობასაც; მოდის კვირეულის გასაშუქებლად თბილისს პირველად ეწვევიან ამერიკული, იტალიური, რუსული ვოგის რედაქტორები და ჟურნალისტები, „Mercedes-Benz  Fashion week Tbilisi 2015“-ს ფართოდ გააშუქებს “Marie Claire”, “ნიუ-იორკ თაიმსი”, “ელი”, “კოლეზიონი” და სხვა წამყვანი მოდის გამოცემები.
“Mercedes-Benz  Fashion week” – ეს მოდისა და ძვირფასი ავტომობილების სამყაროს გაერთიანებაა. “Mercedes-Benz  Fashion week”-ის ფარგლებში ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებების პარალელურად “თბილისი მოლის” შჰოწროომ-ში წარმოდგენილი იქნება “Mercedes-Benz”-ის ახალი მოდელები. ამ აქციის მთავარი იდეაც ხომ სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ტრადიციების, მოდური ტენდენციებისა და აღქმის ჩვენებაა”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
უშუალოდ კვირეულის ხელმძღვანელის, სოფო ჭყონიას განმარტებით კი, “Mercedes-Benz  Fashion week Tbilisi 2015” სხვა მხრივაც გამორჩეული იქნება.
“ჩვენ ამ კვირეულის განმავლობაში ახალი სტანდარტების დანერგვას ვცდილობთ: ნაჩვენები იქნება სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილი კოლექციები, აქცენტი შოუს ნაცვლად თავად მოდაზე, სტილსა და დიზაინერებზე გაკეთდება. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, რომელთა ვინაობასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც ქართული მოდა მსოფლიოს უნდა გააცნოს და მათი კოლექციების რეალიზება მაღალი მოდის საერთაშორისო პლატფორმაზე მოახდინოს”, – აღნიშნავს სოფო ჭყონია.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, 20 წელია რაც “Mercedes-Benz” მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა.
“ბერლინი, მოსკოვი, სტამბოლი, მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება ანალოგიური მოდის კვირეულები. მსოფლიოს 50 ქვეყანაში ის ხელს უწყობს დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს. მოდის კვირეულის მიზანია, დამყარდეს კავშირები დიზაინერებსა და მოდის სამყაროში ცნობილ და გავლენიან ფიგურებს შორის.
მოდის კვირეულის მთავარი პარტნიორია “Mercedes-Benz”. კვირეულის პარტნიორები არიან – “კოკა-კოლა”, “ფერერო როშე”, “სამსუნგი” და “თბილისი მოლი”, – განმარტავენ ორგანიზატორები.